ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მყარი წინააღმდეგობა კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“ ფარგლებში კონკრეტული შედეგით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას გამო პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. მოქმედმა ნარკოპოლიტიკამ წერტილოვანი, თუმცა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო. ჩვენ არ ვაპირებთ უსამართლობის წინააღმდეგ დაწყებული საქმის მიტოვებას. რეპრესიულ მანქანას ჯერ კიდევ რჩება უამრავი ბერკეტი ჩაგვრისთვის, რაც დაუყოვნებლივ აღმოფხვრას საჭიროებს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ კამპანიის გუნდის ახალი ინიციატივაა მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

ნარკოპოლიტიკის რომელსაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაზე ზრუნვასთან, რომელიც ტოტალური კონტროლის იარაღია პოლიციის ხელში, სტატისტიკით მანიპულაციის, დევნის, შიშის დანერგვის და მინიჭებული ძალაუფლებით ბინძურად ტკბობის ინსტრუმენტია ძალოვანი სტრუქტურებისთვის.ნარკოპოლიტიკის, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან ადამიანთა განდევნის მექანიზმია, მარტივი ფულის წყაროა ბიუჯეტისთვის და მათთვის, ვინც საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს საზოგადოებრივ აზრად ასაღებს და ამბობს, რომ მზად არ ვართ ჰუმანური ცვლილებებისთვის. საზოგადოება საკმარისზე მეტად ზრდასრულია მსგავსი ბოდვებისთვის.

ერთადერთი ვინც არსებითი ცვლილებისთვის მზად არ არის, ეს თავდ სახელმწიფოა, პოლიციური სახელმწიფო, რომელიც კბილებით იცავს საკუთარ სადამსჯელო პრივილეგიებს.

დროა სიღრმისეულად გავიაზროთ საკითხები და პრობლემების გამოაშკარავებასთან ერთად მათ საწყისებს დავუპირისპირდეთ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ჩვენი სამართლიანი უკმაყოფილების საერთო ძალით ფორმირების ინიციატივაა. ეს არის ადგილი მათთვის ვინც საკუთარ თავზე განიცადა უღირსი ნარკოპოლიტიკის შედეგები და მათთვის ვინც სოლიდარულია ამ ადამიანების მიმართ.

ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭ საუბარს ნარკოტიკის ავკარგიანობაზე. ნარკოტიკი არსებობდა და იარსებებს, იარსებებენ მისი მომხმარებლებიც. ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე, უადანაშაულოთა ბოროტმოქმედებად შერაცხვის მექანიზმზე და სახელმწიფოზე, რომელიც ამ პოლიტიკის გატარებით თავად ჩადის ბოროტმოქმედებას.