ასე გამიჯნა ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლება საზოგადოება და პირდაპირ გამოაცხადა რომ ისინი - კანონიერი ქურდები, ნარკომანები, ძველი ბიჭები - უნდა გამქრალიყო პოლიტიკური სივრციდან, მათ შორის ფიზიკურადაც. პოლიტიკის ეს შმიტიანური დაყოფა უცხო არ იყო ახლად მოსული ხელისუფლებისთვის, ის თავის მიერ დასახულ პოლიტიკურ პროექტს თავისუფალი ბაზრის და რეპრესიული პოლიციურ აპარატის ნაზავს ამგვარად, მარტივ დიხოტომიაში განიხილავდა. ხშირად გვსმენია ფრაზა, თითქოს ნაციონალური მოძრაობის პოლიციური მექანიზმები იყო გამონაკლისი და ხშირ შემთხვევაში გადაცდომა, ჩემი პასუხი არის ის, რომ დიახ, ეს იყო გამონაკლისი, თუმცა, პოლიციური პოლიტიკა გამონაკლსს ეფუძნებოდა, სწორედ მასში პოვებდა ძალას და ეს მისი იდეოლოგიის პირდაპირი და უშუალო მანიფესტაცია იყო - სხვანაირად ვერც იქნებოდა. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რამენაირად ავთენტური პოლიტიკა იყო. მიუხედავად უამრავი ლოკალური თავისებურებებისა, ის იყო უფრო მეტად გლობალური პოლიტიკური პროექტის ნაწილი, ვიდრე ერთი კონკრეტული ჯგუფის “Know How”.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დასაწყისი
ნულოვან ტოლერანტობის დასაწყისად შეგვიძლია ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ყველაზე დიდი ქალაქი, ნიუ იორკი განვსაზღვროთ, ყოველ შემთხვევაში ქართული რევოლუციური ხელისუფლება სწორედ ამ მოდელს ეფუძნებოდა და ამაყობდა მისით. ამ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ნიუ იორკის პოლიციის შეფი, უილიამ ბარტონი და ქალაქის მერი, რუდი ჯულიანი. სწორედ 80-იანებში შეიქმნა პოლიციის დოკუმენტი სახელად “სტრატეგია ნომერი 5: დავიბრუნოთ ნიუ იორკის საჯარო სივრცე”, რომლის მიზანიც იყო ნიუ იორკში წესრიგის დამყარება, კრიმინალის შემცირება და საჯარო სივრცის დაბრუნება მათთვის, ვისაც ის წაართვეს კრიმინალებმა, ემიგრანტებმა, უსახლკაროებმა, ბაიკერებმა, თუ ღამის კლუბის სტუმრებმა. სტრატეგია სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, ყოველ ნაწილს კი მორალური დასაბუთება მოსდევს. მაგალითად, რატომ უნდა გაიწმინდოს ქუჩა უსახლკაროებისგან, სტრატეგიის ავტორები ასაბუთებენ ქუჩის და მოქალაქეების უსაფრთხოების სახელით. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემუშავებას კი თავისთავად, ახალი პოლიტიკური პარადიგმაზე ქვეყნის გადაწყობა უძღოდა წინ. 70-ინი წლების ამერიკა მზარდი კრიზისის წინაშე დადგა, კეინზიანური ეკონომიკური მოდელი, რომელიც სახელმწიფოს როლს ეკონომიკასა და საჯარო სივრცეში გადამწყვეტ ფაქტორად განიხილავდა კრიზისში აღმოჩნდა. კრიზისი გამოიხატებოდა ცხოვრების დონის გაუარესებით, უმუშევრობის გაზრდით და ამასთანავე, კრიმინალის მზარდი ტენდენციით. სწორედ ამ კრიზისზე პასუხი იყო ახალი პოლიტიკური და ეკნომიკური მოდელის, ნეოლიბერალიზმის საფუძვლის ჩაყრა. ახალ მოდელს ყველაფერზე ქონდა პასუხი. თუ როგორ უნდა დამყარებულიყო წესრიგი, ვისთვის უნდა ყოფილიყო საჯარო სივრცე, ვინ იყო მოთამაშე და ვინ იყო პოლიტიკის გარეთ.

ნეოლიბერალურ პროექტში, რომელიც ერთგვარად კეინზიანური ინტერვენციონიზმის უარყოფას ეფუძნება, შემცირებულია სახელმწიფოს როლი ეკნომიკაში და სოციალური სერვისების წარმოებაში, პასუხისმგებლობა კი საზოგადოებრივ წესრიგზე სახელმწიფოდან ადამიანზე გადადის და კონკრეტული ინდივიდი ხდება პასუხისმგებელი თავის ქმედებაზე. საჯარო სივრცეში მომხდარი დანაშაულიც არის არა მთლიანად საზოგადოების დანაშაული, არამედ კონკრეტული ინდივიდის პასუხისმგებლობა თავის ქმედებაზე, ამდენად დანაშაულის პრევენცია არმც და სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკაში არ უნდა გამოხატულიყო (რესოციალიზაცია, სხვადასხვა სერვისების წარმოება, დასაქმება), რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, ახალი იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერვენციებს და მის სოციალურ პოლიტიკის გატარებას. სწორედ ამას უკავშირებს ცნობილი მკვლევარი და ურბანისტი, ნეილ სმიტი, რეპრესიის როგორც პრევენციის თავიდან დაბადებას ახალი პოლიტიკური წესრიგში. ეკონომიკის დერეგულაციის, საჯარო სივრცის პოსტმოდერნიზაციის და სოციალური სახელმწიფოს ჩამოშლის კვალდაკვალ იწყება დიდი უთანასწორობის გაჩენა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ძალაუფლების სტრუქტურების პასუხი კი სიღარიბეზე არა სამუშაო ადგილების და სახელმწიფო სერვისების შექმნას, არამედ რეპრესიას ეფუძნებოდა. ნიუ იორკის პოლიციის სტრატეგიის მიზანი იყო უსახლკაროების, მეძავეების, მათხოვრების, ბაიკერების და გრაფიტ არტისტებისგან საჯარო სივრცის გაწმენდა, რადგან ცენტრალური ქუჩები ეკუთვონოდა მდიდარ მოსახლეობას, მათ ვისაც საჯარო სივრცე წაართვეს - ამერიკის 90-იანების რევანშისტებს. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების შედეგად 1978 წლიდან 2014 წლამდე აშშ-ში ციხის მოსახლეობა შტატის და ფედერალურ დონეზე სამასი ათასი ადამიანიდან მილიონ ნახევარ ადამიანამდე გაიზარდა.
საქართველო
საქართველოში ამ მხრივ გარკვეულწილად ცოტა განსხვავებული ვითარება გვაქვს. 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დანგრევამდე, ქვეყანაში არსებობდა სოციალური სახელმწიფო, მოგვწონს ეს თუ არა - ფაქტია. უმუშევრობის დონე ერთ-ერთი დაბალი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, ინდუსტრია და ეკონომიკის სხვა სექტორები მეტ-ნაკლებად წარმატებულად მუშაობდა, მიუხედავად კორუფციის მაღალი კოეფიციენტისა ქვეყანაში არსებობდა სოციალური დისციპლინის ინსტიტუტები, სკოლები, რეგიონალური და სოფლის თეატრები, კინოთეატრები, კულტურის სახელბი. მიუხედავად უამრავი რეპრესიული მექანიზმისა, კრიმინალთან ბრძოლაც უფრო სხვა ხასიათს ატარებდა, მასში სხვადასხვა რესოციალიზაციის სისტემები არსებობდა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ვარდების რევოლუციამდე, შეგვიძლია ვუწოდოთ ე.წ კრიზისული ტრანზიციის პერიოდი. ეს ყველაფერი კი გამოიხატა მცირე სამოქალაქო ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში ოსეთსა და აფხაზეთში, რომელმაც თავისთავად უამარვი პრობლემა წარმოშვა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად აღარ არსებობდა. იქიდან გამომდინარე რომ ქვეყნაში არ იყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ცხოვრება ქაოსსა და კრიმინალის მზარდ ტენდენციას აჩვენებდა. ქვეყნის სვლა ლიბერალურ ეკონომიკაზე გაუაზრებლად წარმიართა - სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კი ხშირად კორუფციით ხასაითდებოდა. საქართველოს ამ პერიოდში არ გააჩნდა მწყობრივი სტრატეგიული პოლიტიკა და ხედვა ქვეყნის განვითარების ტრაექტორიის. კრიზისის დასასრულის დასაწყისად, შეგვიძლია 2003 წლის რევოლუცია დავასახელოთ. განსხვავებით წინა მმართველებისგან, ვარდების რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას გააჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვა, თუ რა გზით უნდა წასულუყო ქვეყანა, რა რეფორმები უნდა გაეტარებინა ეკონომიკაში თუ სახელმწიფო განვითარების სხვადასხვა სექტორში. კრიზისის ალტერნატივად, პოლიტიკურმა ელიტამ დასახა ნეოლიბერალური პროექტი, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზად საღდებოდა. მმართველი ძალა ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, პრივატიზაცია და ბაზრის დერეგულაცია უალტერნატივო იყო და მოიტანდა ეკონომიკის სწრაფ ზრდას და ფორსირებულ მოდერნიზაციას. თუმცა კი, ამ ყველაფერს სჭირდებოდა ძლიერი საფუძვლის მომზადება და ნებისმიერი ხელის შემშლელი ფაქტორის გამორვიცხვა, რასაც შეეძლო ჰიპოტეტური საფრთხე მოეტანა განვითარების ამ ხაზისთვის. 2004 წელს ამნესტი ინტერნეიშენალისთვის მიცემულ ინტერვიუში, მაშინდელი თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი, ლევან რამიშვილი, აცხადებდა რომ ახალი მთავრობის დღის წესრიგში არ იდგა ადამიანის უფლებების საკითხი. 2006 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ არ გამოყენებულიყო პირობითი სასჯელი წვრილმან დანაშაულზეც კი - ამ დროიდან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ოფიციალურად ძალაში შევიდა საქართველოში. იმ პერიოდისთვის, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ყველაზე მეტად შეეხო კანონიერ ქურდებს, უბანში დაბანაკებულ ძველ ბიჭებს და ნარკომანებს. რამოდენიმე წლის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სახელმწიფომ უდიდეს წარმატებას მიაღწია კრიმინალებთან ბრძოლაში და ამით რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი იყო საქართველო. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ქვეყანაში 300%-ით გაიზარდა ციხის მოსახლეობა, ხოლო 2010 წელს საქართველო პატიმართა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოში.

ზემოთ განხილული მოკლე ანალიზის შემდეგ, საინტერესო იქნება თუ დავსვამთ კითხვას, თუ რა მივიღეთ საბოლოოდ ამ პოლიტიკის (თუ პროექტის) გატარების შემდეგ?

ავტორი დავით ლაღიძე