სულ მალე, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი შეუდგება საქმიანობას და ქვეყანას ოთხ წელიწადში სულ სხვა რეალობაში გადაიყვანს: განამტკიცებს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას, ააყვავებს ეკონომიკას, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სამაგალითო გახდება რეგიონში, ტურიზმი თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდება, თბილისი მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქალაქებს შორის დაიკავებს ადგილს. გვექნება იმაზე მეტი სამუშაო ადგილი ვიდრე გვჭირდება. საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს რომ ქართველები მართლა ყველაზე მაგრები ვართ და ქვეყანა მიიღებს MAP-ს, რასაც ევროკავშირის წევრობის გრძელვადიან საგზაო რუკაზე შეთანხმებაც მოყვება...

მგონი ყველა მოსალოდნელი მიღწევა ჩამოვთვალე. თუმცა, არა, მოდი საარჩევნო დაპირებებსაც ჩავხედოთ. პარლამენტში 150 ადგილი, სამ სუბიექტზე გადანაწილდა. ქართული ოცნება, რომელმაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა მაჟორიტარული სისტემით გასამართი მეორე ტურების შემდეგ, ნარკოპოლიტიკას თავის ოფიციალურ საარჩევნო პროგრამაში გამოეხმაურა. ერთგან, წინა პერიოდის მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა სახელმწიფოს დაბალანსებული პოლიტიკით“, რომ დამარცხდა „სააფთიაქო ნარკომანია“, რომ ბიოს მოხმარებამ იკლო 90%-ით. პროგრამაში ისიცაა ნათქვამი, რომ სამედიცინო და სოციალური სერვისები სულ უფრო მეტი წამალდამოკიდებულისათვის არის ხელმისაწვდომი... საკითხზე მომუშავე ექსპერტებს, მომხმარებელთა თემს, არასამთავრობოებს, და მით უფრო საზოგადოებრივ მოძრაობებს, მათ შორის თეთრი ხმაურის მოძრაობას, რომელის წევრი მეც გახლავართ, ალბათ ბოღმა დაახრჩობდათ, როდესაც პროგრამის იმ ნაწილს წაიკითხავდნენ, სადაც წინა პარლამენტის დრნდელი მღწევები იყო ჩამოთვლილი.

11

საქართველოში ნარკოვითარების ამსახველ წლიურ ანგარიშებს რომ თავი დავანებოთ, ჯერაც ხომ არ განელებულა დემურ სტურუას ტრაგედია (ამ შემთხვევას თეთრი ხმაურის მოძრაობა სამტრედიაში აქციით გამოეხმაურა)? ის ამბავიც ხომ კარგად გვახსოვს, დემურის თვითმკვლელობიდან მეორმოცე დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ სანთლების აქციაზე როგორ ცდილობდა არსებული არაადამიანური ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მსხვერპლი, ბესო ხუციშვილი თავადაც თვითმკვლელობით ეპასუხა იმ რეპრესიებისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში განიცდიდა?

ექსპერტებმაც კარგად იციან, რომ ბოლო ოთხწლეულში განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ფასადური ხასიათის იყო, რომ პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა კვლავაც შემაშფოთებელია და დაახლოებით 10%-ით გაიზარდა 2012-2014 წლებში, რომ ათასობით ადამიანი კვლავაც გადაყავთ ნარკოლოგიური შემოწმების ადგილებში. მრავალ მათგანს სწრაფი, სავარაუდო მოხმარების დამდგენი ტესტირების საფუძველზე აკისრებენ ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რაც ხშირად უამრავი თანხა და ციხეში გატარებული არაერთი წელი, დანგრეული ცხოვრება და საზოგადოებისგან დეზინტეგრაციის უჯდება სისტემის მსხვერპლს.

სავარაუდოდ, პროგრამის ეს ნაწილი არც არავინ წაიკითხა. ყველა ხომ იმას ელოდებოდა, თუ რას ჩაწერდა ქართული ოცნება მის სამომავლო გეგმებში? აქ კი, ველით რომ „მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით...“, რომ გაუმჯობესდება არსებული სერვისები და გაძლიერდება მოხმარებასთან დაკავშირებული პრევენციული სამუშაო. ეს ცოტა არ იყოს, იმედგაცრუება იქნებოდა, რომ არა ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ და ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ გამართეს.

პლატფორმა აერთიანებს ორმოცამდე ორგანიზაციასა თუ ინდივიდს - ექსპერტებს, მკვლევარებს, პრაქტიკოს ნარკოლოგებს, მომხმარებელთა თემს და მათთვის სერვისების მიმწოდებლებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ საინიციატივო ჯგუფებს. პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ დაიწყოს რეალური რეფორმის პროცესი, რომელიც არსებულ არაჰუმანურ, ადამიანების რეპრესიაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ზიანის შემცირებაზე და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული მიდგომებით შეცვლის, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების მომხმარებელი აღარ განიცდის დევნასა და დისკრიმინაციას და საჭიროების შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა მიიღოს კვალიფიციური დახმარება. შეხვედრა ოცნების შედარებით ლიბერალურ ფრთასთან მოხდა, რომელიც აცხადებს მზაობას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უფრო ღრმა რეფორმის განხორციელებაზე იმუშაოს, ვიდრე ეს მათ ოფიციალურ პროგრამაში იყო მოწოდებული ზოგადი პროგრამული მიმართულებების სახით; ესმის რომ ამ ცვლილებების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი შიდაპარტიული დებატებია ჯერ გადასალახი, და მიაჩნია რომ ის ხმაური რომელსაც ჩვენ და ჩვენი თანამებრძოლები ვინარჩუნებთ, ძალიან დროულია და მხოლოდ დაეხმარება სახელმწიფოს, ბოლომდე გაიაზროს არსებული მიდგომის მანკიერება და მნიშვნელოვნად შეცვალოს ის.

მსგავსი შეხვედრა ნაციონალურ მოძრაობასთანაც გაიმართა. თუმცა მანამდე, მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობს მათი ოფიციალური პროგრამა: „ჩვენ გადავხედავთ არაძალადობრივ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს და მოვახდენთ სასჯელთა ლიბერალიზაციას საბოლოო დეკრიმინალიზაციის პერსპექტივით. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.“ სისხლისსამართლებრივი დევნის არგანხორციელება მოკლედ ასე გამოითქმის - დეკრიმინალიზაცია. მსუბუქ ნარკოტიკზე ჩანაწერი ყურს ჭრის, მაგრამ მგონი მაინც მნიშვნელოვან პროგრესთან გვაქვს საქმე. ბევრი ვერ იჯერებს, რომ პარტია, რომელმაც 2006 წლიდან ნარკოტიკის მომხმარებლებთან ბრძოლის სრულიად „ინოვაციური“ მეთოდები დანერგა და ნარკოტიკების წინააღმდეგ მსოფლიო ომს (War on Drugs) ქართული ნოუჰაუ შემატა, ბოლო ოთხ წელიწადში ასეთ ტრანსფორმაციას განიცდიდა. თუმცა პლატფორმასთან შეხვედრამ გვაჩვენა, რომ მსგავსად ქართული ოცნებისა, ნაციონალურ მოძრაობაშიც არსებობს ე.წ. ლიბერალთა ფრთა, რომელსაც როგორც ჩანს მართლა სურს რომ ეს აღვირახსნილი, ძალადობრივი, საპოლიციო და რეპრესიული პოლიტიკა წარსულს ჩააბაროს.

რამდენიმე ადგილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმაც მიიღო განახლებულ პარლამენტში. მათი ხმები, ნებისმიერი რთულად გასატანი კანონპროექტის მისაღებად შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ნაკლებად არის ცნობილი ალიანსის წევრთა დამოკიდებულების შესახებ ნარკოპოლიტიკის მიმართ. ამაზე არც მათი წინასაარჩევნო პროგრამა ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ ალიანსმაც გამოთქვა წინასაარჩევნოდ ეროვნულ პლატფორმასთან შეხვედრის სურვილი. სამწუხაროდ შეხვედრა ვერ შედგა, მაგრამ თავად სურვილი ამ შეხვედრის ასევე მნიშვნელოვანია - სულ მცირე, ნათელია, რომ ნარკოპოლიტიკა ის თემაა, რომელზეც მომავალი პარლამენტი მუშაობას გვერდს ვერ აუვლის და შესაძლოა ალიანსს მიეცეს კიდეც შესაძლებლობა საკუთარი ხმებით გარკვეული გავლენა მოახდინოს საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესზე.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეთი კონფიგურაცია გვაქვს:

  • საზოგადოებას უნდა და მზად არის მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. ეს ალტერნატივა ჯორჯიას მიერ რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა ამ კვლევამაც ცხადყო. გამოჩნდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის მიუღებელია ადამიანთა ციხეში გაშვება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ნარკოტიკების მოხმარების გამო;
  • პარლამენტში შემავალმა ორმა მსხვილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნოდ დააანონსა პოლიტიკის ლიბერალიზაცია, როგორც პრიორიტეტული მიმართულება ამ მოწვევის პარლამენტისთვის. ხოლო მესამე ძალამ მოგვცა ნიშანი, რომ მისთვისაც საინტერესოა ეს საკითხი;
  • მსხვილ პოლიტიკურ ძალებში, პარტიათა შიგნით, არ არის ერთიანობა მოსალოდნელი ლიბერალიზაციის პარამეტრების შესახებ;
  • სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია როგორც არასდროს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შექმნითაც დადასტურდა. ის არ აპირებს დაწყებული საქმე შუა გზაზე მიატოვოს. გაჩერებას არც თეთრი ხმაურის მოძრაობა აპირებს - ისე ვიხმაურებთ, რომ პოლიტიკის მკეთებლებს მოსვენება არ ექნებათ, ვიდრე დაპირებულ ცვლილებებს არ განახორციელებენ.

ბევრი ჩემი თანამებრძოლი ფიქრობს, ეს ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. მეც ასე მგონია. პოლიტიკური გარემო, პარტიათა მზაობა ამ რეფორმას მოკიდონ ხელი, გვაფიქრებინებს რომ პროცესი იქნება ძალიან რთული. და მაინც, საბოლოო სიტყვას ხმის მისაცემ პულტებთან ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატები იტყვიან. ასორმოცდაათ ჯანმრთელ დეპუტატზე ვსაუბრობ - როგორც გაირკვა, საქართველოს საარჩევნო კოდექსი შეუძლებელს ხდის ნარკოტიკის მომხმარებელი გახდეს პარლამენტის წევრი. შესაბამისად, არჩეულ დეპუტატობის კანდიდატებს, სანამ პარლამენტში მიიღებდნენ სკამს, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მოუწიათ რათა წარედგინათ საარჩევნო კომისიაში ცნობა რომელშიც ერთადერთი რამ წერია: კანდიდატი არის ჯანმრთელი, თუ ნარკოტიკის მომხმარებელი. ჩვენდა სასიხარულოდ, ზემოთ ნახსენები ლიბერალური ფრთა, როგორც მმართველი, ისე ძირითადი ოპოზიციური ძალიდან, სრული შემადგენლობით ‘ჯანმრთელი’ აღმოჩნდა და მიიღო კიდეც საპარლამენტო ტრიბუნა და ხმის მისაცემი პულტი. ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ რომ მათი წინასაარჩევნო განწყობები არ განელდება არჩევნების შემდგომაც და პოლიტიკური კლასი მხარს აგვიბავს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის ბრძოლაში. საინტერესოა, საარჩევნო კოდექსის ის ნაწილიც თუ გადაიხედება, რომელიც დისკრიმინაციულად, სტიგმით და უბრალოდ არასწორად ყოფს ადამიანებს ნარკოტიკების მომხმარებლებად და ჯანმრთელებად.

ავტორი დავით სუბელიანი