პერსექტივები მარიხუანას საქმეზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს მარიხუანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ღირსების შემლახავად, და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნო პირადი მოხმარების მიზნით მინიმუმ 70 გრამამდე გამომხმარი მარიხუანის შენახვისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. იქამდე დიდი ოდენობით (50-500 გრ.) გამომშრალი მარიხუანის შენახვისთვის სასჯელის სახედ განისაზღვრებოდა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა

საკონსტიტუიციო სასამართლომ განიხილა სახელმწიფოს პოლიტიკის გამამართლებელი არგუმენტები, თუმცა არცერთი მათგანი რელევანტურად არ მიიჩნია.
ა. მარიხუანის გავრცელების პრევენცია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა ორი ტიპის საფრთხე: პირველი უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას, მეორე შემთხვევაში კი საფრთხეს გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა სჯიდეს ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარ თავს ზიანს აყენებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის დასჯა მხოლოდ სხვების დაშინებას ემსახურება. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ თავისუფლების აღკვეთა (ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად) პასუხისმგებლობის არაპროპორციული ზომაა.

ბ.მარიხუანის გავრცელების პრევენცია საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის საზოგადოებისგან იზოლირება, თუნდაც ამ რისკებს გამორიცხავდეს და დასახელებულ მიზანს აღწევდეს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად.
სასამართლოს აზრით, სახელმწფომ ვერ დაადასტურა მარიხუანის მოხმარებასა და დანაშაულის ჩადენას/ზრდას შორის კავშირის გარდაუვალი არსებობა. მარიხუანით თრობის ქვეშ სხვა დანაშაულების ჩადენის რისკები, თავად ამ ნივთიერების თვისებებიდან გამომდინარე, იგივე ან შესაძლოა ნაკლებია, ვიდრე ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ პირის ყოფნისას. თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საჭიროება აუხსნელია

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც სასამართლომ გაამახვილა ყურადღება, ნორმის ბლანკეტურობაა. მან თქვა, რომ კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის შეფასებისთვის არსებით კრიტერიუმს - ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, ძირითადად მისი ზოგადი ხასითის გამო. კერძოდ:

ა) იგი თანაბრად მიემართება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ბ) იგი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას მარიხუანის შეძენა/შენახვისას პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებულ ნორმაში. კერძოდ, შეიცვალა ხსენებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის მოცულობა და განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა შეამსუბუქა სასჯელი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ახალი რედაქცია არსებითად იმეორებდა გასაჩივრებული რედაქციის შინაარსს. ამდენად, ის, სხვა რამდენიმე ნორმასთან ერთად, დღემდე წარმოადგენს არაკონსტიტუციურ რეგულირებას ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში. ეს ნორმები ან პარლამენტმა უნდა გააუქმოს, ან ხელახალი სარჩელი უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც სასამართლო მათ უკვე გამარტივებული პროცედურით ცნობს არაკოსნტიტუციურად.
მაგრამ რა მოხდება ამ პროცედურების განხორციელებამდე? რა ბედი ელით დაკავებულებს ან მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის იხდიან? ამ კითხვაზე პასუხს სცემს თბილისიის სააპელაციო სასამართოს 30 ოქტომბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასაბუთებს რა ნორმის არაკონსტიტუციურობას და მიუთითებს ამის საფუძვლებზე, ადგენს კონსტიტუციური ქცევის წესსაც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ნაცვლად, ახალი ნორმის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ქცევის სწორი წესი წარმოადგენს სამართლის ნორმას, ანუ ზოგადსავალდებულო ქცევის წესს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ანალოგიური სამართალურთიერთობის მონაწილეებმა და სასამართლომ დავის გადაწყვეტისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 24 ოქტომბრიდან აკრძალულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენაშენახვისა და მოხმარების გამო.
ამ პასაჟის გაცნობის შემდეგ შეიძლება ითქვას რამდენიმე თეზისი:
• წინასწარი პატიმრობის შეფარდება მინიმუმ 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისა და მოხმარებისთვის არ დაიშვება;
• თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი მინიმუმ 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისა და მოხმარებისთვის, არ დაიშვება;
• იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის და მოხმარებისთვის, შეუძლიათ მიმართონ საერთო სასამართლოებს და მოითხოვონ გათავისუფლება, რადგან მათი ციხეში ყოფნის ყოველი დღე არაკონსტიტუციურია.

3. სივრცე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტლებამ

გააჩნია

იმთავითვე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობაზე. მას არაკონსტიტუციურად არ უცნია არც ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია და არც გასაღებასა და კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩადებულ მინიშნებებზე ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.

ა. მარიხუანას მოხმარება და კულტივირება

სასამართლოს, მართალია, პირდაპირ არ უთქვამს, რომ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით კულტივირებასა და შეძენა/შენახვზე თანაბრად არაკონსტიტუციურია, თუმცა გადაწყვეტლებაში არსებობს ერთი პასაჟი, სადაც სასამართლო ,,შეძენას’’ და ,,მოყვანას’’ იდენტურ მოვლენებად განიხილვას. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ყველა ამ ქმედებაზე იგივე მოთხოვნები უნდა გავცლედეს, რაც სახელმწიფომ შეძენა-შენახვაზე განსაზღვრა. თუ პარლამენტმა ეს არ გააკეთა, შესაძლებელია სარჩელის მომზადება და დარჩენილი ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
ცხადია, შეძენა/შენახვაზე უფრო მსუბუქი ხასიათის საშიშროებას წარმოქმნის თავად მოხმარება და ამიტომ მისი მოხმარებითვის თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციულობა იმპლიციტურად იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილებაში.

ბ.სასამართლოს სტანდარტის სხვა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ

გამოყენება

გადაწყვეტილებაში სასამართლო კითხვას სვამს: ყველაზე მძიმე შედეგების გამოწვევის შემთხვევაშიც კი, რამდენად გონივრულია, პირს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო? პასუხი ცალსახად უარყოფითია, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია.
სასამართლოსთვის გაუგებარია თავისუფლების აღკვეთა მარიხუანის მოხმარებისთვის, რაც თითქმის არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგარამ კიდევ უფრო გაუგებარია თავისუფლების აღკვეთა ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოკიდებული ხდება კონკრეტულ ნივთიერებაზე/საშუალებაზე. მეტიც, სასამართლოს აზრით, ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია.
ამდენად, ჩნდება აზრი, რომ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთით პირის დასჯაზე სასამართლო იმავე სტანდარტს გაავრცელებს, რაც მარიხუანასთან მიმართებაში დაადგინა. ამის შემოწმების გზაც სარჩელის ინიცირებაზე გადის.

ბ. ნარკოტიკების მოხმარების დეკრმინალიზაცია

სასამართლომ ჩამოაყალიბა ქმედების კრიმინალიზაციის კრიტერიუმები, რაც გვაფიქრებინებს, რომ იმ დანაშაულის შემადგენლობა, რომელიც ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ისევე მიიჩნევა არაკონსტიტუიურად,როგორც მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს მიხედვით, ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი გზები.
სასამართლოს აზრით, ამისთვის საჭიროა კუმულატიურად (ერთდროულად) დაკმაყოფილდეს შემდეგი 4 პირობა):
• საქმე უნდა გვქონდეს ისეთ ქმედებასთან, ისეთ რისკებთან, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება;
• სასჯელი, როგორც სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიება, უნდა იყოს ეფექტური და პროპორციული;
• სასამართლო აღჭურვილი უნდა იყოს შესაძლებლობით, გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით;
• სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ინსტრუმენტები სწორად და სამართლიანად გამოიყენებოდეს.
აღნიშნული კრიტერიუმებიდან მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა (თუნდაც ეს არ იყოს თავისუფლების აღკვეთა) მინიმუმ პირველ და მეორე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ, ვფიქრობ, ღირს მსჯელობა ამ მიმართულებით. უფრო მეტად შესასწავლია სხვა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პერსპექტივა.

გ. ნარკოტიკების რეალიზაცია

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შეგვიძლია მკაფიოდ ამოვიკითხოთ მისი პოზიცია მარიხუანს რეალიზაციასთან დაკავშირებით.
აქ სახელმწიფოს დისკრეცია, ცხადია, უფრო ფართოა, როდესაც საქმე ეხება სხვათა ჯანმრთელობის დაცვას. ამიტომ, ვინაიდან არ გამოირიცხება მარიხუანის მოხმარებით ზოგადად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან, პასუხისმგებლობის ზომა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან.
სასამართლო აქაც არ არის მკაცრი და ბლანკეტური პოლიტიკის მომხრე და სახელმწიფოს მოუწოდებს, სასჯელად ძალიან ფრთხილად გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა. მისი აზრით, ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხევევბში უნდა ხდებოდეს.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართოს განხილული გადაწყვეტილება ფართო პერსპექტივას შლის არაჰუმანურ და ღირსების შემლახავ ნარკოპოლიტიკასთან დასაპირისპირებლად, რადგან ეს ერთი ნორმა, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, იყო არა სპორადული გადაცდომა, არამედ სახელმწიფოს სისტემური ხედვის ბუნებრივი გამოვლინება.